„ვეფხისტყაოსანი“ — ხელნაწერი მემკვიდრეობა
ქართული რენესანსული კულტურის წიაღში შექმნილი „ვეფხისტყაოსანი“ კარგა ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს საგანძურში. პოემის მნიშვნელობა ქართველი კაცისთვის განსაკუთრებულია და სახარებასა და „ქართლის ცხოვრებასთან“ ერთად, მან განსაზღვრა ჩვენი ხასიათი და ცხოვრების წესი. ჟამთა სიავით სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებს ეს ბრძნული წიგნი, როგორც სულიერი საზრდო, თან მიჰქონდათ.
უდიდესი პოპულარობის გამო, ძველ საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ბევრი ხელნაწერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძნელბედობის ჟამს, რომელიც თამარ მეფის ბრწყინვალე ეპოქას მოჰყვა, განადგურდა პოემის ხელნაწერები ისევე, როგორც მატერიალური კულტურის სხვა ძეგლები. ამიტომაც „ვეფხისტყაოსნის“ შექმნიდან მომდევნო სამი საუკუნის არც ერთ ხელნაწერს არ მოუღწევია ჩვენამდე. მეტ-ნაკლებად სრული ხელნაწერები მოგვეპოვება ხვჳჳ საუკუნის, ორიოდე ხელნაწერი მათზე ძველია, საინტერესოა, აგრეთვე თითო-ოროლა სტროფითა და ტაეპით შემონახული მინაწერები (ძველ ხელნაწერებზე) და ერთადერთი ეპიგრაფიკული წარწერა ვანის ქვაბებში.
ჩვენამდე მოღწეული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი მემკვიდრეობა 164 ნიმუშს ითვლის, მათგან 110-მდე ნუსხა და 30 მინაწერის შემცველი სხვა ხელნაწერი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. დანარჩენი — საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა სიძველეთსაცავებში.
![]() |
| ყველაზე ძველი ხელნაწერი ფურცელი |
